English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ხსოვნა ნათელი


გარდაიცვალა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი პარმენ ბეგის ძე ლემონჯავა.
პარმენ ლემონჯავა დაიბადა 1936 წელს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და მიენიჭა დოცენტის წოდება. იმავდროულად იგი მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მათ შორის 1967-1972 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის მდივანი. 1972-1978 წლებში პარმენ ლემონჯავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტია, 1978 წლიდან კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტი. 1979-80 წლებში - ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. მან 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2009 წლიდან პროფესორი პარმენ ლემონჯავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორია. 2015 წლიდან კი, სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე იყო ემერიტუსი.
პროფესორი პარმენ ლემონჯავა საქართველოს ორივე წამყვან უმაღლეს სასწავლებელსა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი სტუდენტებისთვის ერთ-ერთი გაამორჩეული ლექტორი იყო, რომელთა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებად აღზრდის საქმეს დაუღალავად და უანგაროდ ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ პროფესორ პარმენ ლემოჯავას სამეცნიერო ხელმძღვანელობით ოცდაათზე მეტმა ასპირანტმა და დოქტორანტმა დაიცვა სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი. ბევრი მათგანი დღეს ცნობილი მეცნიერი და უმაღლესი სასწავლებლის აღიარებული ლექტორია.
ყოველივე აღნიშნულთან ერთად, პროფესორი პარმენ ლემონჯავა ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. მას გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, მიძღვნილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ეკოლოგიის აქტუალური საკითხებისადმი. მათ შორისაა მონოგრაფიები - „ეკოლოგიის ეკონომიკური პრობლემები“, „ბუნების გამოყენების ეკონომიკა“, „ეკონომიკური განვითარების პრობლემები“ და სხვა. ამასთან იგი რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია.
ნაყოფიერი პედაგოგიურ-სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პროფესორი პარმენ ლემონჯავა დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და სხვადასხვა მედლით.
ბატონი პარმენი იყო ჩინებული ადამიანი, არაჩვეულებრივი მეგობარი, სიკეთით აღსავსე პიროვნება, მზრუნველი მეუღლე, მამა, ბაბუა, ადამიანებისათვის სიკეთის მსურველი და საიმედო პიროვნება.
პროფესორ პარმენ ლემონჯავას ხსოვნა მარად დარჩება მისი მეგობრების, კოლეგებისა და აღზრდილი სტუდენტ-სპეციალისტთა გულში.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

ჟურნალების - „ ეკონომიკა და ბიზნესი“,
„სოციალური ეკონომიკა - XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები“
სარედაქციო კოლეგიის წევრები